რაში დაიხარჯა ''ბათუმობისთვის'' გამოყოფილი 382 ათასი ლარი?

08 სექტემბერი 2017, 00:00 4872 ნახვა

ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა, ბათუმობა 2017 წლის პროგრამა რევაზ ახრახაძისგან კონკურსის გარეშე 10 ათას ლარად შეიძინა. ხოლო ტენდერის გზით, პროგრამის განხორციელების უფლება, როგორც ეს სახელმწიფო შესყიდვების საიტზეა მითითებული შპს ,,ფავორიტ ედვერთისმენთმა’’ მოიპოვა. ყველაზე მეტი 92 ათასი ლარი, მემედ აბაშიძის გამზირის გაფორმებას მოხმარდა. 17 ათასი ლარი დაიხარჯა სასცენო განათებისთვის. კოსტუმირებული წარმოდგენისთვის კი 10 ათასი ლარი იყო გათვალიწინებული. ცოტა ნაკლები, 7 ათასი ლარი ვეშაპის შადრევანში გადაიხადეს, რომელიც არ მუშაობდა.

გამარჯვებული კომპანიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ფასების ცხრილი დეტალურად ასე გამოიყურება: სარკის ინსტალაცია - 8 ათასი ლარი. ჯიხურების გაფორმება - 6 ათასი ლარი. ვეშაპის შადრევანი - 7 ათასი ლარი. გირლანდები მემედ აბაშიძის გამზირზე - 92 ათასი ლარი. ბათუმის ისტორიის გაცოცხლება – ფოტოპროექტი - 1 998 ლარი. გრაფიტის ინსტალაცია - 10 ათასი ლარი. სათამაშო მოედანი - 3 ათასი ლარი. ქვიშის მოედანი - 2 ათასი ლარი. ფოტო სტენდი - 2 ათასი ლარი. ბუშტების ინსტალაცია - 4 ათასი ლარი. მოცულობითი ასოების ინსტალაცია - ‘ბათუმი“ - 5 ათასი ლარი. ღონისძიების რუკის სტენდები - 1000 ლარი. სცენის დეკორაცია - 3 ათასი ლარი. სასცენო განათება - 17 ათასი ლარი. კოსტუმირებული წარმოდგენა - 10 ათასი ლარი.

შესაბამისი კომისია ,,ბათუმობა 2017-ის’’ ფარგლებში, ტენდერში გამარჯებული კომპანიის მიერ შესრულებული ვალდებულებების შესახებ დასკვნას მოამზადებს. ღონისძიებებისთვის ჯამში 382 ათასი ლარი დაიხარჯა. წელს, ბათუმობა 2-3 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდა. გასული წლისგან განსხვავებით წელს მემედ აბაშიძის გამზირი ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთეს. „ბათუმობა“ გალა კონცერტით დასრულდა, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართა.

ფოტოები: ანა თალაკვაძე

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში