ბათუმი ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს

12 ივნისი 2017, 00:00 2706 ნახვა

აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 5-6 ივლისს ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest”-ის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეხვედრა ზურაბ პატარაძესა და მეიერჟან მაიკენოვს შორის დღეს შედგა. სავაჭრო-საინვესტიციო მისიის მიზანი, რომელიც 5-6 ივლისს გაიმართება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოტენციალის გაცნობაა. მისიის ფარგლებში აჭარას ყაზახეთის 25 კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ისეთ სფეროებს წარმოადგენენ, როგორებიცაა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, მშენებლობა, ფარმაცეფტიკა, კვება და ა.შ. გარდა ამისა, სავაჭრო-საინვესტიციო მისია ითვალისწინებს ვიზიტებს რეგიონის მსხვილ საწარმოებში და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვას.

ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest”-ის მიერ ორგანიზებული სავაჭრო-საინვესტიციო მისია საქართველოში 2 ივლისს ჩამოვა. 4 ივლისამდე ყაზახი ბიზნესმენები შეხვედრებს თბილისში გამართავენ.

„ყაზახეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ყაზახური კომპანიები დიდი მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს რეგიონში. ამას ემსახურებოდა საინვესტიციო ტური ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვახორციელეთ და ამასვე ემსახურება ყაზახური კომპანიების სავაჭრო-საინვესტიციო მისია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო საშუალება რეგიონში მოქმედი ბიზნესისათვის ახალი სავაჭრო-საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახეთის ბიზნეს წრეებთან“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ასტანაში გამოფენა EXPO-2017-ის ფარგლებში იმყოფება. გამოფენის ფარგლებში შედგება ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ყაზახეთში. ეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილის ყაზახეთში პირველი ვიზიტი იქნება. ღონისძიებაში მონაწილეობას 125 ქვეყანა და 18 საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს. “ASTANA EXPO-2017”-ის სლოგანია FUTURE ENERGY. მონაწილე ქვეყნებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი ტექნოლოგიური და საინჟინრო მიღწევები, საინვესტიციო პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქვეყნის კულტურა, სოფლის მეურნეოდა და სხვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი