სოფელ სხალთაში ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მოსახლეობა ფართებს ითხოვს

26 მაისი 2017, 00:00 1612 ნახვა

ხულოში, სოფელ სხალთაში, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში,   მოსახლეობისთვის ფართების გადაცემას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. ოთარ შაინიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურა  დაზიანებულია, ხუთი წლის წინ  გარემონტებული შვიდი ბინა კი დღემდე უპატრონოდაა დარჩენილი. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ინტერნატის ყოფილ შენობაში კი ორი ოჯახი ცხოვრობს. პარტიის წევრის ინფორმაციით, 2012 წელს შენობა, სოციალურად დაუცველთა შესახლების პირობით გარემონტდა.  

ხულოს გამგებლის წარმომადგენლის იზოლდა სურმანიძის განცხადებით, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში რეაბილიტირებული ბინები საჭირო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, შვიდივე ბინაში მოსაწესრიგებელია წყლისა და საკანალიზაციო სისტემები. სურმანიძის განცხადებით, წლების წინ ბინებში რამდენიმე ოჯახი უკანონოდ შეიჭრა, რის გამოც  კარები დაიმტვრა და მათი ჩაკეტვა ვერ ხერხდება. რაც შეეხება ყოფილ ინტერნატში მცხოვრებ ორ ოჯახს, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე შესაძლოა სახელმწიფო დაეხმაროს.

სხალთის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, პირველ სართულზე ბაგა-ბაღი და ამბულატორია, მეორე და მესამე სართულებზე კი 7 გარემონტებული ბინაა განთავსებული. ბინების რემონტისთვის ხუთი წლის წინ 74 ათას 168 ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში